ეკონომიკა
09/12/2021

ნათია თურნავა: FDI იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია

პანდემიურ 2020 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 3.2%-იან ზრდას ეკონომიკის მინისტრი მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც ნათია თურნავა განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია.

„მნიშვნელოვანია, რომ ზრდაა საფინანსო სექტორში. ასევე ენერგეტიკაში, რომელიც კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია საინვესტიციოდ, აგრეთვე ესაა გადამამუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტი. საყურადღებოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გეოგრაფია. ძირითადად, საუბარია ევროპულ სახელმწიფოებსა და თურქეთზე," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა რეინვესტირების მაჩვენებელის ზრდასაც ეხმიანება. 

„ეს ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტორი, რომელიც შემოდის საქართველოში და დებს ინვესტიციებს, დივიდენდების გატანის ნაცვლად, ახორციელებს რეინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში, აფართოებს წარმოებას, საკუთარ ბიზნესს, რაც მყარი ნდობის გამოვლინებაა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

2021 წლის მესამე კვარტალში გაორმაგებულია რეინვესტირების მოცულობა და 293.3 მლნ დოლარს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პანდემიურ 2020 წელთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა და 728.4 მლნ დოლარი შეადგინა.