ეკონომიკა
29/10/2020

ნათია თურნავა: ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივი არის ექსპორტი

როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, სამყარო გლობალურად ებრძვის პანდემიას და საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ნათია თურნავა ამის მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების პირველ ნიშნებზე აცხადებს.

გაჯანსაღების ნიშნებს კი მინისტრი ეკონომიკური ვარდნის პროცენტის შესუსტებაში ხედავს.

ნათი თურნავამ დასტურად სსფ-ს შეფასება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც როგორც მინისტრი ამბობს, 2021-25 წლებში საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური, საშუალო ზრდის ტემპი 5,5% იქნება.

"ეს იმას ნიშნავს, რომ შევძლებთ უახლოეს პერიოდში დავძლიოთ კოვიდით გამოწვეული პრობლემები, კვლავ დავუბრუნდეთ მაღალი ზრდის ტრაექტორიას და კვლავაც შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ რეგიონული ლიდერის სტატუსი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ექსპორტის მნიშვნელობასა და სექტემბერში მაჩვეენებლების გაუმჯობესებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„2019 წელს ჩვენი ექსპორტი აღწევდა რეკორდულ მაჩვენებლებს, წელს კი, მიუხედავად კოვიდისა, იმ რეკორდულ ნიშნულებთან შედარებითაც გვაქვს სერიოზული ზრდა - სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა 8,6%-ით და აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე), გაიზარდა 27%-ით“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ეს, პირველ რიგში, ადასტურებს, რომ სრულიად სწორი და გამართლებული იყო ხელისუფლების მყისიერი გადაწყვეტილება პანდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, როცა მიღებული იყო მკაცრი ზომები და იმართებოდა პანდემიის გავრცელება.

"გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში შევძელით და გავიტანეთ ბაზარზე უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ასევე სამკერვალო ნაწარმი, სხვა ბევრი პროდუქცია და ახალი ბაზრები ავითვისეთ. შესაბამისად, იმ პერიოდმა, როდესაც ჩვენ მინიმუმზე გვქონდა დაყვანილი ინფიცირებულთა რაოდენობა და გვქონდა მკაცრი შემზღუდავი ზომები, მოგვცა საშუალება მოგვეპოვებინა კონკურენტული უპირატესობაა საგარეო ბაზრებზე და სწორედ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივი ახლა არის ექსპორტი,“ - განაცხადა მინისტრმა.

Businesspartner