ეკონომიკა
11/04/2023

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების შესახებ ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მქონე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ექსპერტებმა მონაწილეებს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ახლადშექმნილი მგვ ორგანიზაციების ოპერირების და ბიზნესგეგმების შემუშავების მექანიზმებზე იმსჯელეს.

„მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუციებმა გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა, როგორ შეიმუშაონ სტრატეგიები, აუდიტი, მარკეტინგი და შექმნან მოქნილი სისტემა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი სურამანიძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC და დანიური ორგანიზაცია  COWI ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.