"მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ადეკვატური მექანიზმებით შეძლო ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირება"
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოდის - ლევან დავითაშვილი დეპუტატებს „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშს წარუდგენს.
ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ასპექტები, ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკურ სურათი, ტენდენციები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც ეკონომიკის მინისტრი დეტალურად ისაუბრებს.
„დღეს გაგაცნობთ ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დინამიკას, რეფორმების მიმდინარეობას და სამომავლო გეგმებს. თუმცა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აუცილებლად ვისაუბრებ იმ გამოწვევების და შესაბამისად, ამოცანების შესახებ, რომლებიც ჩვენი დღის წესრიგში დგას და რომელთა გადასაჭრელად აქტიურად ვმუშაობთ, მთელ სამთავრობო გუნდთან კოორდინაციაში. ასე რომ, ჩემი გამოსვლა მიმდინარე წლის ეკონომიკური ტენდენციებისა და ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოს ერთგვარი შეჯამება იქნება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, მისმა უწყებამ, მთლიანად მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მაქსიმალურად მოქნილი, ადეკვატური მექანიზმებით შეძლო ბოლო წლებში არსებული საერთაშორისო თუ რეგიონულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირება და არსებული საშინაო თუ საგარეო შოკების განეიტრალება საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის. ლევან დავითაშვილის თქმით, ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მათ შორის - არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი.
„თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა - ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიღარიბე დაძლეულია, ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ არსებული დადებითი დინამიკა და ტემპი. ეს ჩვენი ეკონომიკური გუნდის კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ისევე, როგორც ეკონომიკური სარგებლის თანაბრად, სამართლიანად გადანაწილება მოსახლეობის ყველა ფენაზე, მზარდი ეკონომიკის სიკეთე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ქვეყნის ეკონომიკის სექტორული ზრდა/განვითარება და რეფორმები, მათ შორის კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა, ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის და სადაზღვევო სექტორის განვითარება, გამართული საპენსიო სისტემა, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელი მთავარ პრიორიტეტად და საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებად ასახელებს და რომელთა შესახებაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ვრცლად ისაუბრებს. ლევან დავითაშვილი პარლამენტის წევრებს ასევე დეტალურად გააცნობს ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილი მსხვილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.
„მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.