ეკონომიკა
05/06/2023

მთავრობის ანგარიში: უკრაინისადმი საქართველოს გაწეულმა დახმარებამ დაახლოებით,₾38 მლნ შეადგინა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშში.

„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 26 000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, გააქტიურდა ურთიერთობების დინამიკა მოლდოვასთანაც.

„2022 წლის 17-18 ოქტომბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო 24 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები, რამაც რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ერთობლივი მიზნების კონსოლიდაციის საკითხში დიდი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია ანგარიშში.