ეკონომიკა
09/12/2020

მთავრობის 300 ლარიანი დახმარება უკვე 14 302 პირმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300 ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო და ის 14 302 პირმა უკვე მიიღო. დახმარებების მისაღებად ელექტრონული განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.
 
როგორც დასქმების ხელშეწყობის სააგენტოში აცხადებენ, განაცხადებში წარდგენილი ინფორმაციების საფუძველზე შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას. ამის შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.
 
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო კი 3 სამუშაო დღის ვადაში კომპენსაციებს ჩაურიცხავს იმ პირებს, ვინც კომპენსაციის მისაღებად მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
 
სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge
 
რაც შეეხება რეგისტრაციის გავლას, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
 
არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდათ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.