ეკონომიკა
19/11/2020

მთავრობა უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად ახალ პროგრამას აანონსებს

მთავრობა უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად ახალ პროგრამას იწყებს.
 
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ დაემატება და უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიები, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად გრანტს მიიღებენ.
 
ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, საქართველოში ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით. 
 
მინისტრის თქმით, ახალი პროგრამის მთავარი მიზანი პირველ რიგში, იქნება  დასაქმება და ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება-გადამზადება, რადგან კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც უცხოელი ინვესტორები ასახელებენ. 
 
მინისტრის განცხადებით, თანადაფინანსების ახალი შეთვაზება გავრცელდება ისეთ დარგებზე, რომელიც მიეკუთვნება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას. ასევე შემდეგ დარგებზე: ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანებისა და მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და სხვა. 
 
„ეს არის ის დარგები, სადაც უცხოელი ინვესტორების მოზიდვის გზით შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი კომპონენტი, რომელიც დადებითად იმუშავებს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კონტექსტში, რომელიც ბევრ სხვა კომპონენტს მოიცავს, როგორიც არის დაბალი გადასახადები, არაკორუფციული გარემო, სტაბილური ეკონომიკური ვითარება, გამჭვირვალე პროცუდურები და ნაკლები ბიურორკრატია. ეს კიდევ ერთი დამატებითი ფინანსური მექანიზმია, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ინვესტორებს, რომ საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარია რეგიონში“, - განაცხადა თურნავამ.