ეკონომიკა
03/02/2023

მთავრობა წელს 200 000 ადამიანისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას გეგმავს

2023 წელს ჯამში 3.6 მლრდ ლარის ღირებულების 5600 ინფრაქტრუქტული პროექტი განხორციელდება.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის და მის მოადგილეებთან  გამართულ სამუშაო თათბირზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი წყალმომარაგების მიმართულებაა. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები ქვეყნის 165-ზე მეტ მდებარეობაში.

ამ მიმართულებით, 2023 წელს ასევე დაგეგმილია პროექტის დასრულება 70-მდე მდებარეობაში, რის შედეგადაც, 200 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან, 60 ათასზე მეტი ბენეფიციარი, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებაზე, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით.

მათ შორის, 2023 წელს დასრულდება: ქალაქ თელავისა და ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების პროექტები; დედოფლისწყაროსა და 14 სოფლის (ზემო მაჩხაანი, მირზაანი, ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო, გამარჯვება, ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, არბოშიკი, ხორნაბუჯი, სამრეკლო) წყალმომარაგების პროექტი; თეთრიწყაროს, დაბა მანგლისის და 15 სოფლის (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი, ასურეთი) წყალმომარაგების პროექტი; სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის (ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის, და საქობაოს) წყალმომარაგების პროექტი; ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ხიბულას წყალმომარაგების პროექტი და სხვა.

ასევე, 2023 წელს დაიწყება ქალაქ ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ხაშურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების და დაბა სტეფანწმინდის წყალმომარაგების პროექტები; გაგრძელდება ფოთისა და მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები.

2023 წელს გაგრძელდება და დაიწყება სამუშაოები ბოლნისის, დაბა კაზრეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, გუდაურის, წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებზე, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში.

2023 წელს ინტენსიურად გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მეორე ფაზის სამუშაოები. პროგრამის დასრულებული პირველი ფაზის სამუშაოების ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, 564 შენობა უკვე განახლებულია ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით, კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების შეცვლით, მოწესრიგებულია საინჟინრო ქსელები, განახლებული და აშენებულია 92 პარკი და სკვერი, რასაც ჯამში, უკვე მოხმარდა 400 მილიონი ლარი.