ეკონომიკა
05/06/2023

მთავრობა რეგიონებისთვის ₾53 მლნ-ად 154 ავტობუსის შეძენას გეგმავს

ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რაშიც გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„წლების განმავლობაში არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება იყო დაკავშირებული პრობლემებთან, ამიტომ ამ მიმართულებით ვაპირებთ დამატებით ავტობუსების შეძენას, რომ კიდევ უფრო მეტად კომფორტული იყოს ჩვენი ხალხისთვის გადაადგილება. წინა კვირას დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემები არის, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები. ამას სჭირდება სპეციალური ევროპული სტანდარტების შემოტანა.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივცემთ გონივრულ ვადას ​ამ ავტოსადგურების მფლობელებს, ​გადამყვან კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს. აუცილებელია, რომ მგზავრების გადაყვანა იყოს უსაფრთხო, კომფორტული. ხშირ შემთხვევაში გადაკეთებული სამარშრუტო ტაქსებით ხდება მგზავრების გადაყვანა, რაც არც უსაფრთხოა და არც კომფორტული. პირველ რიგში უსაფრთხოებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს - ალბათ სადღაც წელიწად-ნახევარში“, - აცხადებს მთავრობის მეთაური.