ეკონომიკა
29/10/2020

მთავრობა პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს

მთავრობა პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე მსგავსი ინტერვენციის საჭიროების წინაპირობები არ არსებობს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ასევე ხორბლისა და ფქვილის  მარაგების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეულ სპეკულაციებს აქვს ადგილი. როგორც მინისტრი აცხადებს, სასურსათო მომარაგების კუთხით არანაირი წყვეტა მოსალოდნელი არ არის.

„მსოფლიოში ხორბლის საერთო ნაშთები კრიტიკულად არ გამოიყურება. ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, რათა  ქვეყნის  სასურსათო უზრუნველყოფაში არ იყოს არანაირი წყვეტა. ეს არ ყოფილა გაზაფხულზე და არც მომავალში იქნება, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით,“-აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ეტაპის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

Businesspartner