ეკონომიკა
25/03/2020

მთავრობა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს COVID-19-ის შეჩერების შემდეგ აამოქმედებს

ნათია თურნავას რწმუნებით, ქვეყანაში ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისა და ამ თვალსაზრისით კრიტიკული პერიოდის გავლის შემდეგ ამოქმედდება.

მინისტრი „ბიზნესპარტნიორთან“ იმ დარგებს ასახელებს, რომელთაც ამ დროისთვის COVID-19-მა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა.

„დღეს რასაც ვაკეთებთ, ეს არის ბიზნესის დახმარების, სოციალური გარანტიების შექმნისა და ეკონომიკის შენარჩუნების, არა დაქვეითების სტიმულირება. დღევანდელი დროისთვის ეს ყველაზე ადეკვატური ნაბიჯია. ზოგიერთ ბიზნეს საქმიანობას შეგნებულად ვაჩერებთ რომ დავიცვათ მოსახლეობა, მაგრამ ბევრი ეკონომიკური საქმიანობა ქვეყნის მასშტაბით გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში. რა თქმა უნდა, კონკრეტული წესების მკაცრი დაცვით.

კორონავირუსის გავრცელების გამო ყველაზე დიდი დარტყმა მიადგათ ტურიზმის ინდუსტრიას, სარესტორნე ინდუსტრიას და არასასურსათო ვაჭრობის დარგს. პირველი ორს ჩვენ 1 მილიარდი ლარის პაკეტი შევთავაზეთ. საცალო ვაჭრობის მიმართულებით დახმარების პაკეტზე ვმსჯელობთ“,- აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ კერძო სექტორის დახმარების ნაწილში სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.

„ჩვენთვის მთავარია დავეხმაროთ კერძო სექტორს, რათა მათ შეინარჩუნონ დასაქმებულები. საბოლოო ჯამში ამით დასაქმებულებს ვეხმარებით და ვინაწილებთ ტვირთს კონკრეტულ ბიზნესებთან.

ჩვენი შემდეგი დახმარების ობიექტი ის ადამიანები იქნებიან, ვინც ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შედეგად ვერ შეინარჩუნა შემოსავლბი და დაკარგა სამსახური. აქაც კონკრეტული ღონისძიებების გატარების გეგმებს ვამუშავებთ. დაწყებული კომუნალურების ტვირთის შემსუბუქევით, დამთავრებული სასურსათო, თუ მონეტარული დახმარების მიმართულებებით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner