მთავრობა ახალი ევრობონდების გამოშვებისთვის ემზადება
მთავრობა ახალი ევროობლიგაციების გამოშვების მიზნით, საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების საკითხს განიხილავს.
"ცხადია, ვალის ეფექტიანი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში.
2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 10 წლიანი დაფარვის ვადით $500 მლნ-ის ევროობლიგაცია განათავსა. ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილი იყო. სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევრობონდების თანხის დაფარვისთვის საჭიროა ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით. სწორედ ამ პროცესისთვის ვიწყებთ მზადებას",- განმარტა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ევრობონდების გამოშვების გეგმაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს განაცხადა. შესაბამისი 2021 წლის ბიუჯეტშიც აისახა. ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილია 1.657 მლრდ ლარის ახალი ევრობონდების გამოშვება.