ეკონომიკა
26/03/2021

მთავრობა 1 ტომარა ფქვილს 20 ლარით დაასუბსიდირებს - ლევან სილაგავა

ფქვილის ფასის სუბსიდირების პროგრამა კიდევ 3 თვე გაგრძელდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი  ლევან სილაგავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პურზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ერთ ტომარა ფქვილს 15 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დაასუბსიდირებს.

„დღეს იტყვის მთავრობა და შეიძლება საღამომდე დადგენილებაც გამოვიდეს. სუბსიდირების პროგრამა 1 ივლისამდე, ხორბლის ახალ მოსავლამდე გაგრძელდება. სუბსიდიის 20 ლარამდე გაზრდა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის: 2021 წლის 1 იანვრიდან შემოვიდა დღგ-ს გადახდის ახალი წესი, შედეგად, სუბსიდირება დღგ-თი იბეგრება. 2020 წელს სუბსიდირება არ იბეგრებოდა, შესაბამისად, როდესაც სახელმწიფო 15 ლარს იძლეოდა სუბსიდიას, სუფთა იყო, ამას არაფერი აკლდებოდა. ახლა 15 ლარის სუბსიდირებაში მინიმუმ  2.70 ლარი დღგ-ა, ახალი წლიდან გაძვირდა ელექტროენერგიაც, რის გამოც დაახლოებით 1.5 ლარით  მოიმატა ფქვილის ფასმა. ფასის ცვლილება განიცადა შესაფუთმა მასალებმა, კერძოდ, ცარიელი ტომარის ფასი 0.30 ლარით გაძვირდა. ამიტომ, სუბსიდირების მოთხოვნილი თანხა არის 20 ლარი იმისათვის, რომ სუფთა, ეფექტური თანხა იყოს 15 ლარი,“ - აცხადებს სილაგავა.

კითხვაზე, სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება გახდება თუ არა იმის გარანტი, რომ პურზე არ მოხდეს ფასის ზრდა, სილაგავა განმარტავს, რომ 1 ივლისამდე პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„თუ პროგრამა გაგრძელდებოდა პურის მწარმოებლებს 1 ტომარა ფქვილს 53 ლარად მივცემდით. თუ არ გაგრძელდებოდა, იძლებულები გახდებოდნენ 1 ტომარა ფქვილი 68 ლარად ეყიდათ. შესაბამისად, მათი ვარაუდით, ეს გააძვირებდა  პურის ფასს, დაახლოებით 15-20 თეთრით. დღეს უკვე გადაწყევტილია, რომ პროგრამა გაგრძელდება, ამიტომ 3 თვის განმავლობაში პურის ფასი არ მოიმატებს,“ - აცხადებს სილაგავა.

შეგახსენებთ, ხორბლის სუბსიდირების საჭიროება ქვეყანაში მას შემდეგ დადგა, რაც მეპურეებისთვის 1 ტომარა ფქვილის ფასმა 53 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა. პირველ ეტაპზე საბაზრო ფასი 61 დან 65 ლარამდე მერყეობდა, ახლა კი 67-68 ლარია. პურზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ერთ ტომარა ფქვილს 15 ლარით ასუბსიდირებდა.