მსოფლიო ბანკი: საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4.4%-მდე
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამაოქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4.4 პროცენტამდე, თუმცა რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (2.4 პროცენტი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის გამოკლებით) მაღალ დონეზე შენარჩუნება.
"დიდი მოცულობით ფულადი ნაკადების შემოდინებამ ხელი შეუწყო ლარის გამყარებას, რამაც შეაკავა ინფლაციური წნეხი და შეამცირა ვალის დონე. ინფლაცია სავარაუდოდ გააგრძელებს ეტაპობრივ კლებას 2023 წელს, თუმცა ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე და საცხოვრებელ იჯარაზე ფასებით გამოწვეული წნეხის ზემოქმედება შეიძლება გაგრძელდეს.
გაურკვევლობა კვლავ მაღალია და სახელმწიფომ სიფრთხილე უნდა შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე მოსალოდნელზე მაღალი საბიუჯეტო შემოსავლები ფისკალური დეფიციტის შესამცირებლად გამოიყენოს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმპულსის შენარჩუნება სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად, სახელმწიფო საწარმოების მართვის გაძლიერების და მიწის ბაზრის რეფორმების ჩათვლით,"-აღნიშნავს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი.