"მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა მიმდინარე წლის აგვისტოშიც და არის მოლოდინი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალ თვეებშიც, - ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას ისაუბრა, რომლის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.0%-ს გაუტოლდა.
„მთლიანობაში, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი ფაქტორები საინვესტიციო აქტივობის, საქონლის და მომსახურების ექსპორტის, მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაა“, - აღნიშნა ცინცაძემ.
მისი თქმით, სექტორების მიხედვით ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
„მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, ნარჩუნდება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა, რასაც ხელს უწყობს გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა. ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გაგრძელდება მომავალ თვეებშიც, რაც პოზიტიურად აისახება როგორც სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.