მოიჯარეებისთვის სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის ვადა 2024 წლის 24 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდება
ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, ცვლილება შედის „მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში“ და იჯარის უფლებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (სახნავი/სათიბი) გამოსასყიდად, განცხადების წარდგენის ვადა ხანგრძლივდება 2024 წლის 24 ივლისის ჩათვლით.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება და დღეის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 17,589,058 ლარის ღირებულების, 988,3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 245 ერთეული მიწის ნაკვეთი გამოისყიდეს.
პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით ხორციელდება, ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო სახნავი და სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთების (რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები) მოიჯარეთათვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემას, რაც ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობის განვითარებას და მათი შემოსავლების ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 75%-ის გადახდის საფუძველზე.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.