ეკონომიკა
19/07/2021

მინისტრი: ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე

ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის ტრანსფორმაციის გასაგრძელებლად არსებითი ეკონომიკური რეფორმების აუცილებლობაზე აცხადებს.

ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის აპრილში, საქართველომ წარმატებით დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მუშაობს ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებაზე.

„2017-2019 წლებში, ჩვენ შევძელით მიგვეღწია მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის, მიუხედავად არასახარბიელო ეკონომიკური დინამიკისა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ეს იყო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, არამედ მაღალი ხარისხობრივი ზრდაც. ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე გვქონდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - მშპ-ის 5,5%, ასევე ისტორიულ მინიმუმზე იყო ბიუჯეტის დეფიციტი - 2.1%, ისევე როგორც უმუშევრობის დონე - 17.6%, სიღარიბის მაჩვენებელი 19.5%“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამჟამად მთავარი ამოცანაა, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, ასევე, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება კანონით განსაზღვრულ 3%-მდე 2023 წელს.

„2021 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებებით, ჩვენ უკვე წელს შევამცირებთ დეფიციტს, გაისად კი დავუახლოვდებით 4-პროცენტიან ნიშნულს. ასევე, მნიშვნელოვანია, ვალის სწრაფი შემცირების პროცესი. უკვე წელს, ვალი შემცირდება 53.9%-მდე და მომავალში ეს ტრაექტორია გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე, რომლის მიზანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის გზების დასახვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერება და ეკონომიკური რეფორმების ახალი ტალღის აქსელერაცია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა აპრილში დასრულდა.

პროგრამის ფარგლებში, სულ, საქართველოს  687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული, მათ შორის 2020 წელს - 226 მლნ SDR ($315 მლნ დოლარი).