ეკონომიკა
10/01/2022

მინისტრი: წელს მთავარი საზრუნავი და გამოწვევა სიღარიბესთან ბრძოლა და სამუშაო ადგილების შექმნაა

ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა არანაკლებ 10.7% იქნება. შედეგები იანვრის მეორე ნახევარში შეჯამდება.

რაც შეეხება 2022 წელს, მთავარი საზრუნავი და გამოწვევა იქნება სიღარიბესთან ბრძოლა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ბიზნესის წახალისებასთან და კვლავ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასთან.

მინისტრის თქმით, გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები პირველ რიგში, ექსპორტი იყო და მათ შორის 80% ქართული წარმოების ექსპორტი, რომელმაც 2019 წლის დონეს გადააჭარბა. ასევე, მოსალოდნელზე მაღალი აღდგენა ტურიზმიდან.

"რა თქმა უნდა, ეს სექტორი ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, თუმცა, საქართველო ტურისტულ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად რჩება. ტურისტული თვალსაზრისით არ ველოდით ასეთ სწრაფ აღდგენას, თუმცა სწორად გატარებული პოლიტიკის შედეგად მოსალოდნელზე მაღალი აღდგენის ტემპი გვაქვს. ზამთრის კურორტები სრულ მზადყოფნაშია, აღსანიშნავია, რომ ახალი ინფრასტრუქტურით შევხვდით ზამთრის სეზონს მესტიაში. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი საუკეთესო საწინდარია, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი, მშვიდობიანი აღდგენის, სიღარიბის დაძლევის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წელიწადი."–აღნიშნა ნატია თურნავამ.