ეკონომიკა
07/06/2021

მინისტრი: საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება

საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება და დაუბრუნდება განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც არსებობდა პანდემიამდე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, სახეზეა ბევრი ფაქტორი, რომელიც ადასტურებს, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ბევრი ფაქტორია, რაც რეალურად გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური აღდგენის პროცესი არსებითად განსხვავებული იქნება. ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც სწრაფად ხდება ეკონომიკური აღდგენა, ასევე არიან ქვეყნები, სადაც ამ პროცესს, შესაძლოა, 3-4 წელი დასჭირდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგება. მოლოდინი გვაქვს, რომ მაისშიც გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, იმ აქტივობიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აპრილში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე და აღნიშნა, რომ 2 წლის ჭრილში ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში, დაახლოებით, 21% შეადგინა.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ე.წ. საბაზისო ეფექტს. ძალიან მარტივია იმის განსაზღვრა, თუ რეალურად რა გავლენა იქონია პანდემიის ეფექტმა 2021 წლის აპრილის ზრდაზე, ამისთვის საჭიროა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევუდაროთ არა პანდემიურ 2020 წელს, არამედ 2019 წელს და ვნახოთ რამდენით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა - ესაა ზრდა 21%-მდე, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველასთვის მარტივია იმის განსაზღვრა, რამდენად მაღალი იყო ის ზრდა, რომელი მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირდა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.