მინისტრი: პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები და ინვესტორები ენდობიან ჩვენს რეფორმებს
ეკონომიკის მინისტრი სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB” დონეზე შენარჩუნებას ეხმიანება.
„რეიტინგი ჩვენ პანდემიამდე გვქონდა. მანამდე, Fitch - ის სარეიტინგო სააგენტომაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და რეიტინგი შეუნარჩუნა საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, სარეიტინგო სააგენტოებიც და შემდგომში უკვე უცხოელი ინვესტორებიც ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი და ეს აამაღლებს საქართველოს, მისი საინვესტიციო გარემოსა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო ნდობას.
S&P-ის შეფასებით, საქართველოს რეიტინგის მხარდამჭერ ფაქტორებს წარმოადგენს: საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე, მცურავი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების დროულად მიღება. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური სიძლიერე და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა, რასაც, თავის მხრივ, საფუძველს უქმნის ქვეყანში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები და ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა, ყველა სარეიტინგო კომპანიის მიერ აღიარებულია საქართველოს რეიტინგის ძლიერ მხარდამჭერ ფაქტორად.