მინისტრი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე: აპრობირებული ბერკეტია რყევების შესამცირებლად
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების პრობლემის დასაძლევად სახელმწიფო უწყებები თავიანთი პასუხისმგებლობების ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.
"ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მართლაც დიდი საკითხია, რომელზეც ყველამ უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ. ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენს ძალიან ბევრს მოქალაქეს აწუხებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტი ჯერ კიდევ დიდი მოცულობით გვაქვს. თუმცა, ბოლო წლებში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საგადამხდელო ბალანსი, სავაჭრო სალდო გაუმჯობესებულიყო. კერძოდ, ექსპორტი 2020 წელს არ შემცირებულა და გაიზარდა. ექსპორტი ნაკლებად შემცირდა, ვიდრე იმპორტი. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ყველა უწყება თავიანთი პასუხისმგებლობების ფარგლებში მუშაობს ამ საკითზე",- განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ლარის გაუფასურების რისკებს ამცირებს.
"ესეც არის ერთ-ერთი აპრობირებული ბერკეტია იმისთვის, რომ ნაკლები იყოს გაუთვალისწინებელი დიდი რყევების რისკი. ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
თუმცა, მთავარი, რასაც ვაკეთებთ ამისთვის საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს არის ქართული ექსპორტის ზრდა იმიტომ, რომ სწორედ ექსპორტია მთავარი და სწორი წყარო, რომელიც არა მარტო ლარის კურსის გამყარებას, არამედ მთლიანობაში ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს",- განაცხადა ნათია თურნავამ.