მინისტრი: ლარის გაუფასურება გამოწვეულია ემოციური ფაქტორებით
„ლარის კურსის დღევანდელი გაუფასურება გამოწვეულია, ძირითადად, ემოციური ფაქტორებით. მაკროეკონომიკური პარამეტრები, ჯერჯერობით, ჯანსაღია და რეალურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა „იმედის" ეთერში.
ლევან დავითაშვილის თქმით, სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ხელს უწყობს გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო იქმნება. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, ეკონომიკა მგრძნობიარეა, რომელსაც სჭირდება სტაბილური გარემო და სტაბილურობა აისახება, მათ შორის, ეროვნული ვალუტის სიმყარზეც და მის გაუფასურებაზეც.
„ბევრი პანიკური მოვლენა იყო და ამ შემთხვევაში ძირითადად ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები, ასევე ბიზნეს-აქტორები. რეგიონში, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა არის - რთული ვითარება, საომარი პირობები, მძიმე სანქციები და ბუნებრივია, ეს გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს ჩვენი ვალუტის მიმართაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ იმ მოლოდინების შედეგად გაუფასურებული კურსი. ლარის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს, პირიქით, უპრეცედენტო, 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და სხვა მიმართულებითაც - სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, რეკორდული იყო სავალუტო ტრანსფერები - 168 მლნ დოლარი იანვრის მონაცემებით. რაც არ უნდა სავაჭრო ჩავარდნაზე ვსაუბრობდეთ დღეს, რა თქმა უნდა, ის ვერ აისახებოდა ასე მყისიერად კონკრეტულ ეკონომიკურ რიცხვებში, პარამეტრებში. ამიტომ ეს არის ძირითადად ემოციური ფაქტორები, რომელსაც სჭირდება სწორი, კოორდინირებული, ერთსულოვანი პოლიტიკა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს სიმშვიდისკენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გარშემო არსებულ პანიკას არ აყვნენ, რადგან ჩვენი ეკონომიკის ყველა მაჩვენებელი ძალიან ჯანსაღი და მყარია.