მინისტრი ქვეშეთი-კობის პროექტზე: 9 კმ-იან გვირაბთან ერთად 9 კმ-იანი სათადარიგო გვირაბი კეთდება
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ისტორიული პროექტი და მრავალი გამოწვევის კომპლექსური გადაწყვეტაა. მისი სარგებელი კიდევ უფრო განვრცობითია, ვიდრე უბრალოდ გამოწვევაზე პასუხი, - ქვეშეთი-კობის გზის მნიშნელობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, როგორც კვლევებმა აჩვენა, წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით გზა, დაახლოებით, 98 დღის განმავლობაში იკეტება. პრობლემას ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროება ქმნის. აღნიშნულის გამო, გასული წლის მარტში, კორონავირუსის პირველი ტალღისას სასურსათო მომარაგების საფრთხეც კი დადგა.
"აღარაფერს ვამბობ ჩარჩენილ ადამიანებზე და უბედურ შემთხვევებზე. ცალკე უნდა აღინიშნოს გზის როლი გუდაურთან, როგორც კურორტთან მიმართებით. აღარცერთი დღე გზა აღარ დაიკეტება კლიმატური პირობების გამო. 9 კილომეტრიან (15 მეტრის დიამეტრის) გვირაბს, თავის მხრივ კიდევ 9 კილომეტრიანი (6 მეტრიანი დიამეტრის) საევაკუაციო გვირაბი ექნება. ეს არ არის უბრალო პროექტები, ჩვენ ვლაპარაკობთ მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე, ისეთებზე, საქართველოში ჯერ რომ არ გაკეთებულა", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა ამგვარ მასშტაბურ პროექტებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და საზედამხედველო საერთაშორისო კომპანიების თანამონაწილეობასაც უსვამს ხაზს.