ეკონომიკა
17/02/2022

მინისტრი: ბიუჯეტის დეფიციტი მნიშვნელოვნად შევამცირეთ

ფინანსთა მინისტრი პანდემიის პირობებში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მნიშვნელოვანს უწოდებს. 

ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა, რომ ბიუჯეტის მასშტაბური ზრდის მიუხედავად, მთავრობამ შეძლო ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვნად შემცირება და დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, ფაქტიურმა მაჩვენებელმა 6,1% შეადგინა.

ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა ვალის მოცულობის 10%-ული პუნქტით შემცირებაც.

"პანდემიისა და მის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების გავლენით, 2020 წელს ვალის მოცულობამ 60%-ს გადააჭარბა და ამავე მაჩვენებელზე დაიგეგმა 2021 წელიც. თუმცა, გასულ წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, შესაძლებელი გახდა მთავრობის ვალის მაჩვენებელი 10%-ული პუნქტით შემცირება და მშპ-ის 50% შეადგინა", - განაცხადა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, 2021 წელს ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით, 1,5 მილიარდი ლარით გაიზარდა.

"ჯანდაცვის საჭიროებებზე დამატებით გამოიყო თითქმის ერთი მილიარდი ლარი. ჯამში, პანდემიის საპასუხო ღონისძიებებზე 2021 წელს მიიმართა 2 მილიარდი ლარი. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, დამატებითი თანხები გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების დასაფინანსებლად," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.