მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვები მაღალი ტემპით იზრდება
ეკონომიკის აღდგენის ნიშნების ფონზე, ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელიც იზრდება. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სატვირთო გადაზიდვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და ის აქტიურად ვითარდება. წლის პირველ ნახევარში ყველა სახის ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთები წლიურად დაახლოებით 13%-ით არის გაზრდილი.
„განსაკუთრებით მაღალი ტემპით იზრდება სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთები, რაც კოვიდპანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია და პირიქით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დერეფანი აქტიურად ამოქმედდა. ასევე მაღალი ტემპით ვითარდება გადაზიდვები ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კონტეინერული ტვირთები, რომელიც მიემართება ჩინეთიდან ან ჩინეთისკენ ე.წ. შუა დერეფნის გავლით, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილი საქართველოა. უნდა ითქვას, რომ ეს დერეფანი ნამდვილად შედგა და თუ ზრდის ტემპებს შევხედავთ, ჩინეთიდან მომავალი ან ჩინეთისკენ მიმავალი კონტეინერით გადაზიდული ტვირთების პრაქტიკულად გასამმაგება ხდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 11 მილიონი ტონა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.7%-ით მეტია (9.8 მილიონი ტონა). გაზრდილია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთები მოცულობაც 8.8 ათას ტონამდე, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.4%-ით მეტია.