მიხეილ კუკავა: სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას ალტერნატივა არ აქვს
ეკონომისტების განმარტებით, სახელმწიფო საწარმოების ეფექტის ზრდისთვის სრული ან ნაწილობრივი პრივატიზება უალტერნატივოა.
„საქართველოში სახელმწიფო საწარმოების გაეფექტიანება პრაქტიკულად ვერავინ შეძლო. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სახელმწიფო კომპანიების ცალკეული წარმატებული მაგალითები. მაგალითად ნავთობისა და გაზის კორპორაციის, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ოპერირებს სხვებთან შედარებით. მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ იოპერირებდა ის, რომ ყოფილიყო მთლიანად კერძო ხელში ან სახელმწიფოს წილი რომ არ ყოფილიყო იმხელა რამხელაცაა დღეს. ამდენად, მთავარია ის რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის რომ დაწყებული რეფორმა ბოლომდე მივიდეს,“ - აღნიშნა PMC კვლევითი ჯგუფის ეკონომისტი მიხეილ კუკავა.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას ალტერნატივა არ აქვს და მთავრობა მზად უნდა იყოს იმ ნეგატიური გამოხმაურებებისთვისაც, რაც სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების დაწყებას შეიძლება მოყვეს.
„ეს არაერთ ქვეყანაში მოხდა. მთავრობა მზად უნდა იყოს იმ დემაგოგიისთვის რაც წამოვა და აუცილებლად წამოვა. ამას სჭირება ფსიქოლოგიური მომზადება იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მთავრობამ ამას ვერ გაუძლო და ისინი დაყვნენ ინტერესთა ჯგუფებისა და მოსახლეობის იმ საკმაოდ დიდი ნაწილის ზეწოლას, რომლებიც დგას ამ სახელმწიფო საწარმოების უკან.“-განაცხადა მიხეილ კუკავამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების საკითხი დღეს განიხილეს. ცნობილია, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.
პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით დაიწყება. მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა.
"ახლა ჩვენი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ისეთი გამჭირვალე და მიმზიდველოი კორპორატიული სტრუქტურა, რომელიც მას საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად მოიზიდოს დაფინანსება და თავადვე დააფინანსოს მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ფოტო: რადიო თავისუფლება