ეკონომიკა
24/02/2021

მიხეილ კუკავა: საგადასახადო შეღავათები ეწინააღმდეგება სამართლიანი დაბეგვრის პრინციპებს

“საგადასახადო შეღავათები ეწინააღმდეგება სამართლიანი დაბეგვრის პრინციპებს, ის იწვევს ბაზრის დამახინჯებას,” - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ PMC კვლევითი ცენტრის ეკონომისტმა განუცხადა.

მიხეილ კუკავას განმარტებით, შეღავათები არათანაბარ და არაკონკურენტულ პირობებში აყენებს ბაზრის სხვადასხვა მონაწილეს.

„შესაბამისად, თუნდაც ეს შეღავათები იყოს დროებითი, ინვესტიციების მოსაზიდად მაინც არ არის კარგი გამოსავალი. გამოცდილების მიხედვით, საგადასახადო შეღავათები მუდმივი ან გრძელვადიანი ხდება ხოლმე. როდესაც ბაზრის რომელიმე მონაწილეს სთავაზობ საგადასახადო შეღავათს, ეს გარდაუვლად იწვევს ბაზრის დამახინჯებას. ასევე თუ შევხედავთ საგადასახადო შეღავათებს დასაქმების თვალსაზრისით, ამ მიმართულებითაც შედეგიანი ვერ იქნება. როგორც წესი, საგადასახადო შეღავათები არის კონტრპროდუქტიული. შეიძლება გარკვეულ ბიზნესებში დასაქმებას შეუწყოს ხელი, მაგრამ იმ ბიზნესებში, სადაც ამ შეღავათების გამო არაკონკურენტულ ვითარებაში ხვდებიან, შესაძლოა, შეამციროს სამუშაო ადგილები. ამიტომ როცა შეღავათებზე ვსაუბრობთ, წმინდა ეფექტს უნდა შევხედოთ, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებით ძალიან იშვიათად არის დადებითი,“ - განაცხადა მიხეილ კუკავამ.

შეგახსნებთ, რომ ფინანსთა მინისტრობის კანიდატმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დამატებითი რესურსების მობილიზების აუცილებლობაზე ისაუბრა. ივანე მაჭავარიანმა არსებული საგადასახადო შეღავათების გადახედვისა და მათი ნაწილის გაუქმებაზე ისაუბრა. 

 

 

 

ფოტო: რადიო თავისუფლება

Businesspartner