ეკონომიკა
20/02/2021

დამატებითი რესურსების მობილიზება როგორც გამოსავალი

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ფისკალური კონსოლიდაციისა და მის შედეგად, ვალის შემცირების გზად დამატებითი რესურსების მობილიზებაში ხედავს.

როგორც ივანე მაჭავარიანმა 5 საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, არ უნდა ავიღოთ რისკების მქონე ახალი ვალდებულებები, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით, რომელიც მომავალში ბიუჯეტზე ზეწოლას გამოიწვევს.

მაჭავარიანი არსებულ რისკებზე კონტროლის გაძლიერება, მათი მატერიალიზაციის ალბათობის შემცირება ფისკალური რისკების სწორად მართვა მომავალში დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან დაცვის წინაპირობად მიიჩნევს.

დამატებითი რესურსების მობილიზებისთვის მეორე მიმართულება მაჭავარიანისთვის სახელმწიფო საწარმოების რეფორმაა (რომელიც წლის დასაწყისში დაანონსდა), მას მიაჩნია, რომ სტრატეგიული საწარმოების კომპლექსური რეფორმის შედეგად, ეს საწარმოები უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კომპანიები და ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდოს მათი დივიდენდებით.

ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გადასახადების ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნა, არ იგულისხმება რომ ხვალ რომელიმე გადასახადი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. "უნდა ვიმსჯელოთ რის ხარჯზე შეიძლება გავზარდოთ შემოსავლები. უნდა შევთანხმდეთ, რომ არ უნდა დაწესდეს ახალი შეღავათები, არსებული შეღავათები უნდა გადაიხედოს მათი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით. სამსჯელოა საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მნიშვნელოვანი შეცვლა ან საერთოდ გაუქმება. კომპანიების ხელშეწყობის გაცილებით უკეთესი საშუალება იქნება გაკოტრების ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკაში უკვე მიმდინარე წლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია განვითარებულ ქვეყნებში არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული სისტემების გაუმჯობესება, მეტ ინფორმაციაზე წვდომა და მათი ანალიზი, უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის შემდგომი განვითარება და სხვა მექანიზმები, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაქსიმალური გამოვლენა, მათი თანაბრად და სამართლიანად დაბეგვრა.

Businesspartner