ეკონომიკა
19/04/2023

მიხეილ ხიდურელი - ჩვენი საინვესტიციო პროგრამის საშუალებით, GIRTEKA 400-კაციან საოპერაციო ოფისს საქართველოში განათავსებს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საგრანტო პროგრამას კიდევ ერთი ახალი ბენეფიციარი ჰყავს - ამჯერად ჩვენი პროგრამით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლოგისტიკური კომპანია GIRTEKA ისარგებლებს, რომელიც საოპერაციო ოფისს საქართველოში მთლიანი შემადგენლობით გადმოიტანს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლიეტუვურ კომპანია GIRTEKA-სთან FDI გრანტის პროგრამის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოსაზიდად დაწყებული საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ინვესტირებული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას.

„რამდენიმე წლის წინ დაწყებული ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტი გახდა ინვესტორების ყურადღების მოსაზიდად. დღეს უკვე რიგით მეორე, მსხვილ საერთაშორისო კომპანია GIRTEKA-სთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. ლიეტუვური კომპანია უახლოეს წლებში საქართველოში 400-მდე ადამიანის დასაქმებას აპირებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, FDI გრანტის პროგრამის პირველი ბენეფიციარი, ამერიკული IT კომპანია „ლინეატი“, რომელთანაც შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა, დღეს უკვე 150-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს საქართველოში. მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში ამავე პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან იგეგმება შეთანხმების გაფორმება.