მიხეილ ხიდურელი: ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის ტოპ კომპანიებს ჩვენი ქვეყნის ბიზნეს კლიმატი გავაცანით
საქართველოში დღეს უკვე გვყავს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც აქ ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ამ ინდუსტრიის ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი სულ უფრო მზარდია, - ამის შესახებ სააგანეტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიუდურელმა საქართველოში საინვესტიციო კონსულტანტების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ამჯერად BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) სექტორის 10-ზე მეტი მაღალი რანგის მენეჯერი ეწვია აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, მექსიკიდან და სამხრეთ აფრიკიდან.
ტურის მიზანია საქართველოში ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების კუთხით საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა. საქართველოში ვიზიტისას საინვესტიციო კონსულტანტებმა შეხვედრები გამართეს კერძო და საჯარო უწყებებთან, გაეცნენ ქვეყნის ბიზნეს კლიმატს და სხვადასხვა სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.
მიხეილ ხიდურელის თქმით, საქართველოში საინვესტიციო კონსულტანტების სხვადასხვა დროს გამართული შეხვედრების შედეგად, BPO სექტორის წარმომადგენლები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ.
„მოგეხსენებათ, ჩვენ სააგენტომ და სახელმწიფომ ამ მიმართულებით მუშაობა 10 წლის წინ დავიწყეთ და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ძალიან მსხვილი კომპანიები გვყავს ქვეყანაში. მორიგი გაცნობითი ტურის ფარგლებში BPO სექტორის საკმაოდ დიდ წარმომადგენლობას ვუმასპინძლეთ, რომლებიც შეისწავლიან საქართველოში საინვესტიციო გარემოს. აღსანიშნავია, რომ მათთვის საქართველო უკვე არის ქვეყანა, რომელზეც ბევრი სმენიათ და წინა ვიზიტების შედეგად, მათი მხრიდან დაინტერესება დიდია. დარწმუნებნულები ვართ, რომ საინვესტიციო კონსულტანტების ეს ვიზიტი, ისევე როგორც წინა ვიზიტი, გარდაისახება კონკრეტულ შედეგებში და საქართველოში სხვა კომპანიებსაც ვიხილავთ. დღეს მსოფლიოს ტოპ ხუთი BPO კომპანიიდან ორი უკვე საქართველოშია და ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებენ. ჩვენ ვახორციელებთ მოლაპარაკებებს სხვა კომპანიებთანაც და ვიმედოვნებთ, წლის ბოლომდე კიდევ ორი მსხვილი წამყვანი კომპანია შეგვემატება“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.