მიხეილ ხიდურელი: არ ვართ ქვეყანა, რომელსაც ინვესტორები კარზე უკაკუნებენ
„ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც ინვესტორები კარზე უკაკუნებენ,“- განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული".
მისივე განმარტებით, სააგენტო 400-მდე ინვესტორთან მუშაობს.
“არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ინვესტორებთან ნულიდან გვიწევს საუბარი, თუმცა არის ისეთი შემთხვებიც, როცა ქვეყნის შესახებ იციან, მაგრამ ძალიან ცოტა. მიზანი არ არის 400 კომპანიის შემოყვანა. მიზანია 400-დან თუნდაც 10-15 კომპანიის შემოყვანა. თუმცა სხვა კომპანიებთან, რომლებთანაც გავდივართ კავშირზე, მინიმუმ იმას მაინც ვაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანას ვაჩენთ მათ რუკაზე,“ - აღნიშნა ხიდურელმა.
მისივე ინფორმაციით, სააგენტომ ინვესტიციის მოზიდვის მიმართულებით მიდგომა შეცვალა.
„პირველ რიგში შევცვალეთ მიდგომა, ჩვენ არ ვმუშაობთ კონკრეტულ ქვეყნებზე, ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ კომპანიებზე, რომლებიც 6 თვის განმავლობაში შევისწავლეთ. შერჩეული გვაქვს სექტორები, რომლებიც შეიძლება იყოს საინტერესო ინვესტორებისთვის და ვართ რეალისტები. მაგალითად, კარგად გვესმის, რომ არ შეგვიძლია Mersedes-ის ძრავების წარმოება, თუმცა შეგვიძლია ხუნდების, ღვედების დამზადება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.