მიხეილ დუნდუა: მიმდინარე თვიდან ველით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებას
ფინანსთა მინისტრი მოადგილე მიხეილ დუნდუა, ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას გლობალური ფაქტორებით ხსნის და განმარტავს, რომ მიმდინარე თვიდან ინფლაციის ტემპის დასტაბილურებას ელის.
მისი თქმით, ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა და საქართველოშიც ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.
„ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, რაც არაერთხელ აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. ეს მსოფლიო ტენდენციაა და საქართველო, სამწუხაროდ, ვერ იქნება გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში, ეს იყო გამონაკლისი პერიოდი, თუმცა მიმდინარე თვიდან უკვე ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებასა და შემცირებას“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ინფლაციის მაჩვენებელი 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში.
„მინდა, ასევე, გამოვეხმაურო უსაფუძვლო კრიტიკას, რომელიც ხორციელდება ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ჩვენს საუკუნეში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2011 წელს დაფიქსირდა, როცა 14%-ზე მაღალი იყო. ასე რომ, შედარებისთვის ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში იანვარში ინფლაციის მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა.