"მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონი ისეთ საკითხებს არეგულირებს, რაც მანამდე არ იყო დარეგულირებული - ლაშა ცერცვაძე
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
„მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი ისეთ საკითხებს არეგულირებს, რაც მანამდე არ იყო დარეგულირებული.“ - ამის შესახებ USAID-ის ექსპერტმა საკორპორაციო სამართალში ლაშა ცერცვაძემ „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, საერთო ჯამში, მეწარმეთა შესახებ კანონს ბიზნესი დადებითად აფასებს, თუმცა რჩება გარკვეული გამოწვევები.
„კანონი ნამდვილად კარგია და ბიზნესი ამგვარად აფასებს მას, ჩემი პირადი შეფასებაც ასეთია. თუმცა, კარგი არ ნიშნავს იმას, რომ უნაკლოა, მას სჭირდება გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში დახვეწა და დაზუსტება.
მაგალითად,ასეთი მიმართულებებია: რეგისტრაციასთან, პარტნიორთა კრების მოწვევასთან, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელებთან დაკავშირებით არსებული საკითხები, რომლებშიც გარკვეული შესწორებებია შესატანი,“ -აღნიშნა ლაშა ცერცვაძემ.
მისივე განმარტებით, საერთო ჯამში მეწარმეთა შესახებ კანონი მის წინამორბედთან შედარებით უფრო სრულყოფილია.
„ახალი კანონი არეგულირებს ისეთ საკითხებს, რომლებიც მანამდე არ იყო დარეგულირებული და შესაბამისად, სასამართლო პრაქტიკა არ გვქონდა ამ მიმართულებით.
ვგულისხმობ, მაგალითად პარტნიორის გასვლას საზოგადოებიდან ან გარიცხვას, საწარმოს დაშლის საკითხებს. რადგან ეს საკითხები კანონით დარეგულირდა, ჩვენი მოლოდინია, რომ ერთიანი სასამართლო პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ბიზნესი ამ კანონს აფასებს დადებითად.
თუმცა, არის გარკვეული წინაღობები, რაც შეხვდა ბიზნესს თუნდაც რეგისტრაციის დროს.
როგორც იცით, კომპანიებს 2023 წლის ბოლომდე აქვთ ვადა, რომ ყველაფერი მოიყვანონ კანონთან შესაბამისობაში. ეს ბიზნესს ძალიან აწუხებს, რადგან სხვადასხვა ღია კითხვებია დარჩენილი.
მაგალითად, კოოპერატივებთან მიმართებით გამოითქვა პრეტენზია. კოოპერატივები ვეღარ პოულობენ ყველა პარტნიორს და პარტნიორთა შეთანხმების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უჭირთ. ვინაიდან, კანონმდებლობა ამ შეთანხმებაზე ყველას ხელმოწერას ითხოვს. ასევე, შეიძლება დავა იყოს პარტნიორებს შორის და ამის გამო განახლებული შეთანხმების წარდგენას რეესტრში ვერ ახერხებენ.
ამავდროულად, მათი სურვილი არაა, რომ საწარმო ამოიშალოს რეესტრიდან, უბრალოდ რადგან დავა აქვთ, ერთ პოზიციაზე ვერ თანხმდებიან. ამ კუთხით კი რაიმე გამონაკლისი არ არის მითითებლი. კანონში წერია, რომ თუ დოკუმენტაცია ვერ მოვა კანონთან შესაბამისობაში, საწარმო რეესტრიდან ამოიშლება.“-განმარტა ლაშა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, მეწარმეთა შესახებ კანონი უზრუნველყოფს განჭვრეტადობას, რაც ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ჰაერივით გვჭირდებოდა ეს კანონი, იმდენად რამდენადაც, ძველი კანონით ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები არ იყო დარეგულირებული, რაც ხელს უშლიდა განჭვრეტადობას. ამ კანონით სწორედ განჭვრეტადობის ზრდას ველით, რაც ბიზნესისთვის ყველაზე დიდი ბენეფიტია.
ახალი კანონიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება შესძლებელი იქნება. რაც მოგვცემს საშუალებას, ბიზნესმა იცოდეს კონკრეტული დავა დაახლოებით რა შედეგით შეიძლება დასრულდეს. ეს არის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კანონმდებლობის.“-აღნიშნა USAID-ის ექსპერტმა საკორპორაციო სამართალში.
ცნობისთვის, მეწარმეთა შესახებ კანონი ძალაში 2022 წლის პირველ იანვარს შევიდა. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ კი ინვესტორთა საბჭოსთან ერთად კანონის აღსრულების მონიტორინგი 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო.