მესამე კვარტალში თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - საქსტატი
"საქსტატის" ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი. დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ანუ ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში – 5.2%-ით, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 6.2%-ით. ერთი კვადრატული მეტრის ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს და 5 314 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის ვაკე, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 4 756 ლარს შეადგენს, მესამე ადგილზეა საბურთალო, სადაც ფასი 3 652 ლარს აღწევს.
რაც შეეხება სახლებს, აქაც კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა – 4 049 ლარი, ვაკეში – 3 511 ლარი და საბურთალოს რაიონებში – 2 890 ლარი.