ეკონომიკა
28/12/2020

მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ₾1,7 მლრდ-ია

2020 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 556.7 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა.

სებ-ის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში უარყოფითი წვლილი შეიტანა საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობის და შემოსავლის ანგარიშებმა. მიმდინარე ტრანსფერები დადებითი იყო. 2020 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობამ მშპ-თან 13% შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 18.3%-ით შემცირდა და 770.5 მლნ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის კვარტალური ექსპორტი წლიურად 5.7%-ით,  იმპორტი 11.1%-ით შემცირდა.

2020 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -215 მლნ აშშ დოლარი (-667 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (51.1%-ით) ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალიც (28.5%-ით).

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 25.6%-ით გაიზარდა და 2020 წლის მესამე კვარტალში 494 მლნ დოლარს (1.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 25.6%-ით გაიზარდა. 24 მლნ აშშ დოლარამდე (74.4 მლნ ლარი) გაიზარდა სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 185.4 მლნ დოლარი (575.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.3%-ია.