მერაბ კაკულია: ეკონომიკა წელს 9-10%-ით გაიზრდება
„მეეჭვება, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ზრდა გვექნება“, - პროგნოზი „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში პროფესორმა მერაბ კაკულიამ გააკეთა.
ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ზრდა 10%-ის ფარგლებში იქნება.
„ვიტყოდი, რომ მშპ-ს ზრდა იქნება 10%-ის ფარგლებში. არ ვამბობ, რომ ზუსტად 10% იქნება. შეიძლება იყოს 9%, 9.5% . ზრდას ვვარაუდობ 9-10%-ის ფარგლებში, თუ არ გაუარესდა მთლიანი მაკროეკონომიკური ფონი და ეპიდემიოლოგიური ვითარება“, - განმარტა მერაბ კაკულიამ და აღნიშნა, რომ ეეჭვება 2019 წლის შედეგებთან დაბრუნება.
გადაცემაში ინფლაციაზეც ისაუბრეს. მერაბ კაკულიას თქმით, ფასები ისეთი სწრაფი ტემპებით იზრდება რომ სამომხმარებლო კალათის (304 საქონელი) 88%-ზე ფასებმა მოიმატა, ხოლო სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის 44%-ზე ფასებმა ორნიშნა მაჩვენებლით მოიმატა.
„არც ისე ხშირად გვხვდება ინფლაციის ასეთი სტრუქტურა. ეს საყოველთაოა შეიძლება ითქვას. მხოლოდ საქონლისა და მომსახურების 10%-ზე დაიწია ფასმა“, - აღნიშნა მერაბ კაკულიამ და განაცხადა, რომ წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში ორნიშნა ინფლაცია შენარჩუნდება.
მერაბ კაკულია ვარაუდობს, რომ ეროვნულ ბანკს წელს ისევ მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.
„მონეტარული პოლიტიკა წლის ბოლომდე შესაძლოა ისევ გამკაცრდეს, ვინაიდან საეჭვოა ინფლაციის დონე ამაზე ქვემოთ ჩამოვიდეს. შეიძლება მეტიც იყოს. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ საჭირო გახდეს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება, ანუ განაკვეთის გაზრდა (არსებული 10%-დან), - განაცხადა მერაბ კაკულიამ.