ეკონომიკა
28/09/2020

მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი $337.1 მლნ-ია

2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 337.1 მლნ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის ანგარიშსა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 97.3%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 3.9%-იდან -9.4%-მდე.

სებ-ის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 39.8%-ით შემცირდა და 530.1 მლნ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.4%-ით, იმპორტი 30.3%-ით შემცირდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 77.7%-ით, იმპორტი 58%-ით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებდა, რომლის ექსპორტი წლიურად 96.7%-ით შემცირდა და 28.8 მლნ დოლარს (90.5 მლნ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 3.6%-ით შემცირდა და 2020 წლის მეორე კვარტალში 361 მლნ დოლარს (1.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 1.4%-ით შემცირდა, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები გაიზარდა და 6 მლნ დოლარი შეადგინა (18.7 მლნ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 148.9 მლნ დოლარი (467.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.2%-ია.

Businesspartner