ეკონომიკა
24/12/2020

"მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით, მთავრობა კანონიერი ინსტრუმენტის გამოყენებას არ მოერიდება"

სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით მესმის, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ ერთი ნაწილი ამის ასე თუ ისე წესრიგში მოიყვანა და ეს წნეხი ჩვენს მოქალაქეებზე შეამსუბუქა და დარჩა წამლის ნაწილი. აქ მთავარი ამოცანაა, რეგულაციის საკითხებია, რომელიც რაც შეიძლება სწრაფადაა მოსაგვარებელი და გაკეთებადია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისი თქმით, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს იქაც გარკვეული წესის ცვლილებით, შესაძლებელია სწრაფი შედეგის მიღება.

საკონტროლებლად რთულია ეს პრობლემა, მაგრამ დღეს ჩვენ გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებით ასევე, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს იქაც გარკვეული წესის ცვლილებით, სწრაფი შედეგის მიღება შეგვიძლია. ეს არ იქნება ყოვლისმომცველი, მაგრამ არის გარკვეული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც სწრაფად შეიძლება გარკვეული შეღავათიანი ეფექტის შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუმცა დარჩება ისეთი სფეროები, სადაც სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე არაფერი არ გამოვა და ეს ცოტა სხვა მიმართულებაა.

მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით მთავრობა არ მოერიდება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს. ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს, პანდემიის პირობებში სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში მოქალაქის მდგომარეობა გაუარესდა, სადღაც უფრო მეტად, სადღაც უფრო ნაკლებად და ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება. ამიტომ გპირდებით, რომ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს მეც და ქალბატონი მინისტრიც გამოვიყენებთ სრულად, რის საშუალებასაც კანონი გვაძლევს. ფაქტობრივად ჩვენ გუშინაც და დღესაც ეს დაპირება გავეცით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.