"მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და ნატოს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს"
მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და ნატოს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს სიამაყის განცდა უნდა ჰქონდეთ იმის გამო, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას.
„თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. ეს ერთი, და მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს და მოქალაქეებს. მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, და მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში 11 ევროკავშირის წევრ ქვეყანას და 13 ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს მიმართ ნდობა ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, მეგობრებო, არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც არ იყო თქვენი ტელევიზიის მეპატრონის მმართველობის დროს. მაშინ იყო თითქმის ნულზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან როგორც მთავრობის, თუ მთავრობის წევრების, როგორც საშინაო თუ საგარეო ჩარევებისგან. მე მგონი ყველაფერი გასაგებია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა ის მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა აშშ-ის გადაწყვეტილება, ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები არიან და ისინი მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოს გაძლიერებას.
„ყველა ის მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა ეს გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულს არ ექნება რაიმე გავლენა. საერთოდ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ყველა ხელისუფლის და თითოეული მოქალაქის ვალდებულება უნდა იყოს და ჩვენი მოვალეობა არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოსამართლეებს მათი ინტერესების დაცვაში და სასამართლოს დაცვაში. აი ამას, მე როგორც პრემიერ-მინისტრი ვაკეთებ და ხვალაც გავაკეთებ კიდევ უფრო მეტი შემართებით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.