ეკონომიკა
27/12/2022

მარტამდე მთავრობა საინვესტიციოდ 10-მდე კურორტს გამოიტანს

2023 წლის თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში მთავრობა საინვესტიციოდ 10-მდე კურორტს გამოიტანს.

მომავალი წლის ბოლომდე კი სრულად გამოვლინდება ინფორმაცია საქართველოში არსებული საკურორტო ადგილებისა და მათი პოტენციალის შესახებ. ამის თაობაზე "ბიზნესი რუსთავი 2"-თან კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, სანდრო ონოფრიშვილმა განაცხადა. 

"საქართველოში 280-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილია. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მოძველებული და შევქმნით ახალ რეესტრს. ჩვენ რამდენიმე თვეში რეესტრში უკვე შევიყვანეთ 100-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი. ასევე მოვიძიეთ ახალი ადგილები, რომელიც შესაძლოა, ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს. დავიწყეთ ფართომასშტაბიანი კვლევა. თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციოდ 10-მდე ობიექტს გამოიტანს. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია ამაღლება და გვგონია, რომ ეს საკურორტო ადგილი საკმაოდ პერსპექტიულია. 

2023 წლის ბოლოს ზუსტად გვეცოდინება, თუ რა საკურორტო ადგილები გვაქვს. ჩვენ უკვე დავიწყებთ კვლევას ჭუთხაროში, რაჭაში, რომელიც ამიერ-კავკასიაში ერთ-ერთი დიდი სამთო-სათხილამურო კურორტი იქნება. ტექნიკურ-ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული გვაქვს. ვფიქრობ, მაისის ბოლოს ყველა პარამეტრი გვექნება იმისთვის, თუ ვნახოთ, რა ფული უნდა ჩადოს სახელმწიფომ, ინვესტორმა და რა ამონაგები გვექნება აქედან. ბალნეოლოგიური თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ურაველი, ამაღლება, მოაში. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანი კურორტი იყო ძველ დროს და გვინდა, რომ დავუბრუნოთ ძველი დიდება",- განაცხადა ონოფრიშვილმა. 

მისივე თქმით, მკვლევარების მიერ შედგენილი ინფორმაციის საფუძველზე, პოტენციურ ინვესტორებს გადაწყვეტილების მიღება უფრო გაუმარტივდებათ. 

"ინვესტორს საინვესტიციო გარემოს ვუქნმნით. ჩვენი ავტორიტეტული მკვლევარების მიერ შედგენილი ინფორმაციით მათ ეცოდინებათ, დაახლოებით რამდენი უნდა ჩადონ, რამდენი იქნება სახელმწიფოს როლი და რა ამონაგები ექნებათ. ამის გამო ურთიერთობა ძალიან გაგვიადვილდება, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებთან. სახელმწიფომ უკვე იცის, რა დანახარჯი ექნება და რა ამონაგებს მიიღებს. შესაბამისად, სპონტანური გადაწყვეტილებებისგან დაზღვეული ვიქნებით. აქ გადამწყვეტი ციფრები იქნება",- აღნიშნა სანდრო ონოფრიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჯერ კიდევ აუთვისებელი 100-მდე კურორტი აუქციონზე გამოიტანოს. მათი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მშენებლობისთვის 200-მდე მილიონი ლარი დაიხარჯება.