მაისში საარსებო მინიმუმი 1.9 ლარით გაიზარდა და ₾253.7 გახდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.9 ლარით გაიზარდა და 253.7 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის მაისთან შედარებით წელს საარსებო მინიმუმი 8.7 ლარით არის გაზრდილი.
რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-5 თვეში 224.7 ლარით განისაზღვრა. მაშინ როცა 2023 წლის აპრილში - 223.1 ლარი, ხოლო 2022 წლის მაისში - 217 ლარი იყო.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.