"ლურჯ" ეკონომიკაზე გადასვლა საქართველოსთვის სტრატეგიული მიზანი უნდა გახდეს
„ლურჯ“ ეკონომიკაზე გადასვლა საქართველოსთვის სტრატეგული მიზანი უნდა გახდეს, - "მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის" ვირტუალურ ღონისძიებაზე კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დაბინძურების საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აღნიშნავს, საქართველოს პრიორიტეტია, გააძლიეროს თავისი სანაპიროს, საზღვაო სივრცისა და ტურიზმის მდგრადობა და შეამციროს შავი ზღვის დაბინძურება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკისგან გაზიარებული გლობალური ცოდნითა და მისი მხარდაჭერით, საქართველოს კარგი პოზიცია აქვს 2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად აღებული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში ახალი ეტაპის დასაწყებად.
„მსოფლიო ბანკის ანგარიშებში ხაზგასმულია სანაპირო ზოლზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების და უმოქმედობით გამოწვეული მზარდი ხარჯების შემცირების გადაუდებელი აუცილებლობა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიან განხორციელდეს ღონისძიებები კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ადაპტაციის უზრუნველსაყოფად. მთლიანობაში, „ლურჯი“ ეკონომიკა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
ვირტუალურ შეხვედრაზე გაიმართა კონსულტაციები „შავი ზღვის გალურჯების“ პროგრამაზე, რომელიც მსოფლიო ბანკისა და BSEC-ის მხარდაჭერილი რეგიონულ ინიციატივაა ზღვის დაბინძურებაზე რეაგირებისა და შავი ზღვის რეგიონში “ლურჯ” ეკონომიკაში ინვესტიციების დაჩქარებისთვის.
“გარემოს დაბინძურება ერთი ქვეყნის საზღვრებს სცდება და რეგიონულ გადაწყვეტას საჭიროებს,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების მიმართულების რეგიონულმა დირექტორმა სტივენ შონბერგერმა. მისივე თქმით, „რეგიონული მიზნები იმგვარ ეროვნულ ინვესტიციებად უნდა გარდაიქმნას, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მარტო ებრძვის დაბინძურებას, არ შეუძლია სასურველი ხარისხის უზრუნველყოფა ზღვის წყლის ისეთ დახურულ ეკოსისტემაში, როგორიცაა შავი ზღვა. აუცილებელია საერთო ეკოსისტემის და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის განხილვა.“