ეკონომიკა
02/06/2022

ლიტვური და ბრიტანული კომპანია საქართველოში 550 სამუშაო ადგილს შექმნის

2021 წლის ივნისიდან, 2022 წლის მაისის პერიოდში 5 ახალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური ღირებულება 4 მილიონი დოლარია. პროექტები 1000-მდე სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ მთავრობის ანგარიშშია ნათქვამი. 

ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე დიდი სატვირთო ფლოტის მფლობელმა ლიტვურმა კომპანია Girteka-მ გლობალური ბიზნეს სერვისების (GBS) ლოკაციად საქართველო აარჩია და 2023 წლის ბოლომდე 300 სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია გეგმავს ევროპაში 10 ყველაზე დიდ ლოგისტიკურ კომპანიებს შორის მოხვდეს და საქართველო გაფართოვების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

ამასთან, ბრიტანულმა IT კომპანიამ, Godel Technologies საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. Godel Technologies შერჩეული იყო, როგორც სამიზნე კომპანია და ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხდა მათთან დაკავშირება. კომპანია ახალ ლოკაციას ეძებდა და არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. გადაწყვეტილების საბაბი მიმზიდველი ბიზნეს კლიმატი, კონკურენტული გარემო და კვალიფიციური სამუშაო ძალა გახდა. შედეგად, მომდევნო ორი წლის მანძილზე საქართველოში დაახლოებით 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კლიენტების მომსახურების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა
ამერიკულმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტირების
შესახებ, რომელიც საწყის ეტაპზე გეგმავს 200 თანამშრომლის აყვანას.

სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდმა ხორვატულმა კომპანიამ, მას შემდეგ რაც შეისწავლა საინვესტიციო გარემო, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტირების შესახებ. 2022 წლის ბოლომდე იგეგმება 200-მდე თანამშრომლის აყვანა.

ლიბანურმა კომპანიამ, რომელიც ეწევა თამბაქოს პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 90 ქვეყანაში, გადაწყვიტა გახსნას ახალი საწარმო საქართველოში, კერძოდ აჭარაში.
საქართველოში 72 განსხვავებული პროდუქტის წარმოება მოხდება და ძირითადი
საექსპორტო ბაზარი ევროპის ქვეყნები იქნება. თავდაპირველად საწარმოში 50-მდე
თანამშრომელი დასაქმდება.