ეკონომიკა
28/04/2023

ლევან დავითაშვილი უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებას დაესწრო

„მშენებლობის სექტორში გაჩნდა ძალიან ბევრი ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია და ვფიქრობ, სწორი მიდგომაა მშენებლობის ბიზნესის, როგორც უძრავი ქონების სექტორის წარმოჩენა. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ეხმარება დარგობრივ ასოციაციებს, რომ სექტორის წარმომადგენლებს შორის ეს კომუნიკაცია იყოს გამარტივებული და ასევე გავაცნოთ ჩვენი საინვესტიციო პოტენციალი  შესაბამის ინვესტორებს“ -  ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა თბილისში, უძრავი ქონების რიგით მეორე საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის ევროპულ მოდელთან დაახლოებასა და ევროკოდების იმპლემენტაციაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ევროპული სტანდარტების კრებულის თარგმნა და მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული დანართების შემუშავებაზე. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მშენებლობის სექტორში გავრცელებული სამშენებლო მასალების, მშენებლობის პრაქტიკისა და ევროკოდების დანერგვისთვის მიმდინარეობს ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინირება.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ქვეყნისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადება, სადაც  გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა. მისი განცხადებით, აღნიშნული გეგმაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და პროცესში ჩართულნი არიან მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად

„ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სექტორების განვითარებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. დამატებით, კვირეული საშუალებას მისცემს ასზე მეტ კერძო კომპანიის წარმომადგენელს, მომხმარებლებს ერთ სივრცეში მიაწოდონ ქვეყანაში არსებული საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე ფართებისა და მშენებლობისა და ინტერიერის არაერთი შეთავაზება.