ეკონომიკა
27/05/2022

ლევან დავითაშვილი: წლის მეორე ნახევარში ინფლაციის შემცირებას ველით

ეკონომიკის მინისტრის მოლოდინია, რომ ინფლაცია 2022 წლის მეორე ნახევარში შემცირდება. 

თუმცა, ლევან დავითაშვილი აქვე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულია. 

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის ეკონომიკურ პესპექტივაზე. 

"შესაბამისად, ეს შეიძლება ჩვენს ქვეყანაზეც აისახოს. რეგიონში შექმნილი მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. 

გლობალური ეკონომიკური პროგნოზი, წლის დასაწყისთან შედარებით, შეიცვალა რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო - ეს არის გაზრდილი წნეხი ინფლაციაზე, რაც გამოწვეულია ძირითადად მიწოდების ჯაჭვების მოშლით, წარმოიქმნა მნიშვნელოვანი გამოწვევები სასურსათო და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. პანდემის შემდეგ გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც დაიწყო ახალი კრიზისი და შესაბამისად მსოფლიოში რისკები გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს შემცირების მიმართულებით გადახედა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მისი თქმით, ინფლაცია გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოში, მიმდინარე წლის აპრილში ინფლაციის საკმაოდ მაღალი დონე იყო - 12.8%. 

"ჩვენ წლის დასაწყისში, პანდემიის დასრულების პირობებში, გვქონდა მოლოდინი, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად დაიწევდა. ამის ყველა წინაპირობა იყო, მაგრამ ომმა რა თქმა უნდა კორექტივები შეიტანა. იმისათვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შევამციროთ, ამისთვის ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტკას კვლავ ინარჩუნებს. ჩვენი მოლოდინია, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი უნდა შემცირდეს, თუმცა ყველას გვესმის, რომ რეგიონში არსებული ვითარება უამრავ გაურკვევლობას მოიცავს თავის თავში და შესაბამისად, რთულია მსოფლიოში ზუსტი პროგნოზების გაკეთება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.