ეკონომიკა
03/07/2023
ლევან დავითაშვილი: სანქციების თემით სპეკულირება უბრალოდ უპასუხისმგებლობაა
„თქვენ მოისმინეთ აშშ - ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების შეფასება, როგორ ხდება საქართველოს ხელისუფლების მიერ სანქციების გვერდის ავლის მცდელობების აღკვეთა და შესრულება.
ეს არის უმაღლესი წარმომადგენლების მკაფიო პოზიცია. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ოფიციალური პირების ასეთ გადაწყვეტილებებს და ოფიციალურ განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, თუ რამდენად საიმედო პარტნიორია დასავლეთისთვის სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის კუთხით და ამისთვის ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ მადლობა დაიმსახურა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, სანქციების თემით სპეკულირება უბრალოდ უპასუხისმგებლობაა. „ხშირ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ოპოზიციონერები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სამწუხაროა, მაგრამ ეს უნდა ითქვას, ისევ საქართველოში პოლიტიკური ძალები ახერხებენ, შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები, მათ შორის, უცხოელები. თუმცა დავეყრდოთ ოფიციალური კომუნიკაციას და ოფიციალურ ინფორმაციას და ვნახავთ, რომ საქართველომ დაიმსახურა მადლობა,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„არცერთი ფაქტი სანქციების დარღვევასთან დაკავშირებით არ მიგვიღია. პირიქით, ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ და ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. ეს კარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გახსნილია სანქციების შემოღების პირველი დღიდან და ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. ნებისმიერი ასეთი განცხადება კონკრეტულ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, „ძალიან მკაფიო შეფასებები გაკეთდა ყველა მხარის მიერ, რომელმაც სანქციები შემოიღო და რომელთა შესრულებაშიც საქართველო, როგორც ღირსეული პარტნიორი, ეხმარება, ეს არის ევროკავშირი, ბრიტანეთი და აშშ.