ლევან დავითაშვილი: საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა დინამიურად ვითარდება
„საქართველო და ეს რეგიონი სწრაფად ჩნდება გლობალური ინოვაციების რუკაზე, რასაც ადასტურებს დღევანდელი მნიშვნელოვანი ღონისძიება - 500 Georgia სტარტაპის უკვე მეოთხე გამოშვება. ძალიან გვიხარია, რომ ყოველი გამოშვებისას სტარტაპერების მხრიდან უფრო და უფრო მეტ საინტერესო იდეას, პროექტს ვხედავთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა მინისტრმა სააქსელერაციო პროგრამის მეოთხე ნაკადის Demo დღის ღონისძიებაზე. ლევან დავითაშვილმა პროგრამის მონაწილე მეწარმეებს და სტარტაპერებს წარმატება უსურვა მათი ბიზნესების პოტენციური ინვესტორებისა და ფართო საზოგადოების წარდგენის პროცესსა და შემდგომ საქმიანობაში.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილე სტარტაპები წარმოადგენენ უახლესი იდეებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აყალიბებენ ჩვენი საზოგადოების მომავალს. ამასთან, ისინი მოწმობენ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული უზარმაზარი პოტენციალის შესახებ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 500 Georgia Acceleration Program მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საჭირო რესურსები, ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა ჩვენი ტექნიკური მეწარმეების სრული პოტენციალის გამოსავლენად.
500 Global გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2.5 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. საქართველოს ბანკს, 500 Global-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული ოთხწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, 500 Georgia სტარტაპებს წელიწადში ორჯერ გადაამზადებს.
500 Georgia-ს 12 კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, სტარტაპები მენტორებთან ერთად ბიზნესის ზრდის, ფონდების მოზიდვისა და ბაზარზე მასშტაბირების სტრატეგიების შექმნაზე მუშაობდნენ. ამ პერიოდში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ მომავალში ბიზნესის წარმართვის პროცესში დაეხმარება. დღეს კი Demo Day-ზე 12-მა სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ეკოსისტემის წამყვან სტეიკჰოლდერებს, VC ეკოსისტემის ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს გააცნეს. ღონისძიებაში მონაწილე სტარტაპების სია ბიზნესის და ტექნოლოგიების არაერთ სფეროს და სექტორს მოიცავს, მათ შორის: საგანმანათლებლო, კერძო საბანკო, საკომუნიკაციო, დასაქმების პლატფორმებს, ხელოვნურ ინტელექტს და ა.შ.
„ვხედავთ, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა დინამიურად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკაც, მათ შორის საგრანტო დახმარებები. თუმცა, გასულ წელს კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგით, შემოვიყვანეთ გლობალური აქსელერატორი. აქსელერაციის პროგრამაში არამხოლოდ ქართული სტარტაპები მონაწილეობენ, არამედ რეგიონიდან გვყავს ისეთი საინტერესო კომპანიები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან წარმატებულები იქნებიან. ასევე ჩვენ შევქმენით პირველი ვენჩურული ფონდი, სადაც სახელმწიფოც არის თანადამფუძნებელი „საქართველოს ბანკთან და აქსელერატორთან ერთად - ეს არის გამოცდილი კომპანია „სილიკონ ველიდან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.