ეკონომიკა
06/03/2023

ლევან დავითაშვილი - საქართველომ შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა

„მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური გარემოებებით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივისა, საქართველომ შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რომელიც შეადგენდა 10,5%-ს 2021 წელს, ხოლო 2022 წელს - 10,1%-ს,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბერლინში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023-ის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც  საერთაშორისო მედიის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

მსოფლიოს უმსხვილეს, ავტორიტეტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძლის სტატუსით მონაწილეობს, ამდენად, წელს განსაკუთრებით დიდია ინტერესი ჩვენი ქვეყნის პავილიონისა და იმ აქტივობების მიმართ, რომელთაც საქართველო გამოფენის ფარგლებში გამართავს.

ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ლიბერალურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაში წვლილი შეიტანა ინფრასტრუქტურულმა ხარჯებმა, ექსპორტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების რეკორდულმა მაჩვენებლებმა და სტრუქტურულმა რეფორმებმა.

„საქართველოს ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები დამყარებულია გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, დასაბუთებულ სტრუქტურულ რეფორმებზე და მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაციის მისწრაფებებზე. ყოველივე ეს ქმნის მყარ საფუძველს საინვესტიციო გარემოსა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი შეფასებით, ბოლო წლებში საქართველომ საგრძნობლად განავითარა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები და, ასევე, მოახდინა მათი დივერსიფიცირება.

 

„2014 წელს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შემდეგ, ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), ჩინეთთან და ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან, ჰონგ კონგთან, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ამჟამად ქართული წარმოშობის პროდუქციას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე შესვლა შეუძლია. საქართველო თავისუფალი ვაჭრობით სარგებლობს 45 ქვეყანასთან,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზნები, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო მიმართულება მსოფლიო რუკაზე.

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთი და ლიბერალური კანონმდებლობა ბიზნესის დასაწყებად,“ - განაცხადა მინისტრმა.

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით საქართველო 6 – 9 მარტს გერმანიაში, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით წარდგება. გამოფენაში, რომელიც უმსხვილესია კონტინენტზე, საქართველოდან 80-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. მათ საკუთარი პროდუქციის და სერვისების პოპულარიზაციის გარდა, საერთაშორისო ბიზნეს-კონტაქტების დამყარების საშუალება მიეცემათ.

ITB Berlin მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და წარმომადგენლობითო ფორუმია ტურიზმის სექტორში - ყოველწლიურად იქ 10 ათასი კომპანიაა წარმოდგენილი და მასზე მთელ მსოფლიოში 17 მილიონ ტურისტულ პროფესიონალს აქვს წვდომა.