ეკონომიკა
14/02/2022

ლევან დავითაშვილი: საგარეო ვაჭრობის დადებითი ტენდენცია იანვარშიც გაგრძელდა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, 2021 წელი, ვაჭრობის კუთხით, იყო რეკორდული ქვეყნის ისტორიაში და მნიშვნელოვანია, რომ დადებითი ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის იანვარშიც.

„გამოქვეყნდა იანვრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი, საკმაოდ კარგი მონაცემები, სადაც მნიშვნელოვნად - 47.6%-ით არის გაზრდილი ექსპორტი და ის 331.3 მლნ დოლარს გაუტოლდა. ასევე გაზრდილია იმპორტიც 38.5%-ით და შეადგენს 778.1 მლნ დოლარს. ზოგადად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, 2022 წლის იანვარში, იყო რეკორდულად მაღალი და მან 1,109 მლრდ დოლარი შეადგინა," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღდგენის კუთხით და ინვესტორებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია სარეიტინგო კომპანია FITCH-ის შეფასება, რომლის მიხედვით, საქართველომ სუვერენული რეიტინგი „BB" სტაბილური შეინარჩუნა.

„იცით, რომ რეიტინგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სანდო, ეფექტური პოლიტიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილური „BB" რეიტინგი, იყო ძლიერი მმართველობის ინდიკატორები, რაც ასევე მიუთითებს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.