ლევან დავითაშვილი: ინფლაცია საკმაოდ მაღალია, ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლებისგან
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაღალ ინფლაციას მოქალაქეების ცხოვრებაზე გავლენა აქვს, რაც ნათლად ჩანს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ პირობებში გვქონდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და მიზნობრივი სოციალური პროგრამების მეშვეობით ზუსტად იმ ჯგუფებს დავეხმაროთ, ვისზეც ყველაზე მეტად აისახება ინფლაციის წნეხი და ვინც ყველაზე უფრო მოწყვლადია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ინფლაცია ძირითად გამოწვევას წარმოადგენდა პანდემიის პერიოდშიც და ახალმა კრიზისმა, რაც, პირველ რიგში, მიწოდების ჯაჭვების რღვევას და რუსეთ- უკრაინის ომს უკავშირდება, ის კიდევ უფრო გაამწვავა.
"მაღალი ინფლაცია გლობალური გამოწვევაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფლაცია არ იყო წლების განმავლობაში აქტუალური - ევროზონაში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლებია აშშ-ში, აღარაფერს ვამბობთ რეგიონის ქვეყნებზე, სადაც ინფლაცია მრავალჯერ აღემატება ჩვენს მაჩვენებლებს. საქართველოში ინფლაცია საკმაოდ მაღალი გვაქვს, ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლებისგან და ამის დასაძლევად კოორდინირებულად ვმუშაობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ, 11 პროცენტიან ნიშნულზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ვიდრე ინფლაციის წნეხი არ მოიხსნება",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.